вторник, 4 августа 2009 г.

ცაში ჩაკარგული ოცნებები… In the sky the lost dreams…

[TVITMFKV.jpg]
ცაში ჩაკარგული ოცნებები…
In the sky the lost dreams…
[CERKR.jpg]
[MK.jpg]

მიხეილ კვირკველია გურიის ლამაზ სოფელ მაჩხუარეთში დაიბადა (ლანჩხუთის რაიონი). გარდაიცვალა ახალგაზრდა, ისე რომ დაოჯახება ვერ მოასწრო… მის მოსაგონრად შემოგვრჩა 1915-1916 წლებით დათარირებული წერილები; მშობლებს, და-ძმებსა და ახლობლებს მონატრებული მიხეილი, რომ აგზავნიდა თბილისიდან და ტრაპიზონიდან… რა თქმა უნდა, ნიჭიერი კაცი ლამაზ ცხოვრებაზე ოცნებობდა. ცდილობდა მშობლებს თავისი დანაზოგით სახლის მშენებლობაში დახმარებოდა. შემონახულია მისი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე გაცრეცილი ფოტო და 1918 წლის 30 ნოემბერს მიხეილის სახელზე გაცემული საქართველოს რესპუბლიკის საავიაციო სკოლის (საოფიცრო სკოლის) ხელმძღვანელობის მიერ გაცემული მოწმობა, სადაც აღნიშნულია, რომ _ ”მქონე ამა მოწმობისა [MOCMKV.jpg]არის ნამდვილად სკოლის მოტორისტი საქართველოს რესპუბლიკის საავიაციო ჯარისა მიხეილ კვირკველია.” მოწმობა ქართულ და რუსულ ენბზეა შევსებული; სკოლის ხელმძღვანელობის წოდება ჩინი რუსულადაა აღნიშნული: მიხეილს თავდაპირველად მანქანის ტარება უსწავლია. მონაწილეობა მიუღია ტრაპიზონის სამხედრო ექსპედიციაში. მალე საავიაციო სკოლაში შესულა და მოტორისტის პროფესიის დაუფლების შემდეგ მფრინავი გამხდარა… როგორც გადმოცემა გვიმოწმებს იგი სახელოვან ქართველი მფრინავის ბესარიონ ქებურიას მოწაფე ყოფილა და ფოტოზეც მასთან ერთად უნდა იყოს გადაღებული. გამორჩეული თავდადებისთვის ძვირფასი თვლით შემკული ოქროს ”სამკერდე ნიშნით” დაუჯილდოებიათ… როცა ფილტვების ანთებით დაავადებული მიხეილი ჰოსპიტალში სიკვდილს ებრძოდა, ჩემგან ”სამკერდე ნიშნად” შესახელებული ორდენი დაკარგულა… როგორც ავღნიშნე მიხეილი თავის ოჯახს გამუდმებით ეხმარებოდა ფულით. თავისი წერილებში, სადაც თავდაპირველად სიყვარულით მოიკითხავს მშობლებს, და-ძმებსა და ახლობლებს უპირველესად იმას ატყობინებს თავისიანებს, რომ თბილისიდან თუ ტრაპიზონიდან ფოსტისა თუ ვინმე პიროვნების ხელით რა თანხის გამოგზავნა შეძლო. ის თუ, როგორ იმარჯვა ავტომობილის ტარებისას… შიგადაშიგ ქალაქურ ამბებსაც იწერება… …”ახლა აქაურ ამბავს ნუ იკითხავთ კარგი არაფერია. ხუთმეტი დღის უკან საფარდულო მაღაზიები და ფეხსაცმელების დაამტვრიეს დედაკაცებმა. ორ დღეს გასტანა ძარცვა-გლეჯამ, კარგი მაღაზიები არკი დარჩენილა დაუნგრეველი. როცა ამტვრევდნენ ქალები პოლიცია არაფერს ეუბნებოდა. მხოლოდ კაცებს კი, არ უშვებდნენ ახლოს”. ივნისი 1916 წ. ” მიხეილ კვირკველია იმ რჩეულ ქართველთა მცირე რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც პატივი ერგოთ პირველი ქართული რესპუბლიკის საავიაციო ჯარის მშენებლობასა და განვითარებაში მიეღოთ მონაწილეობა და სახელოვან მფრინავ ბესარიონ ქებურიას კვალდაკვალ ქართულ ზეცაში პირველებს ეფრინათ… შეეგრძნოთ მისი სურნელი თუ მშვენიერება და ეოცნებათ…
ხატოვანი მოტივაციები, ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი №2 (4) 2005
[CER.jpg]

P.S. მიხეილ კვირკველია, რომელიც უმემკვიდრეოდ მიიცვალა დედაჩემის ანეტა კვირკველიას ღვიძლი (ღვიძლი ბიძა - იხ.სანუგეშო…Consolatory...) ძმა გახლდათ…
მინაწერი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ანაკრეფს ავხედე, მიხეილის გამოგზავნილ წერილიდან მოყვანილ ამონარიდს შევავლე თვალი და გამეღიმა; ხედავ მშვენიერი ქალბატონები, თურმე როგორ დიდგულობდნენ სისხლიანი ცარიზმის ეპოქაში და პოლიციაც ”არაფერს ეუბნებოდა”… დავეჭვდი, რაიმე დაუწერელი ”ზნეობრივი კოდექსით” ხომ არ ხელმძღვანელობდნენ -მეთქი… და იქვე, შარშანწინდელი ჩვენი დემონსტარციები გამახსენდა; ”ცხვრების ფარასავით” უწყინრად, ხალისიანი შეძახილებით რომ ვიარეთ რუსთაველზე… პასუხად კი, 7 ნოემბერს ”მამაპაპურად გვჟეჟეს”… მერე იპოდრომზეც ”დავირცხვინეთ” უცხოელი სტუმრების წინაშე ქვეყნის იმიჯს ლაქი არ მოვცხოთო და მალე ისე მიგვალაქავეს… ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს… საფიქრალი ისაა, ვითომდაც ”ზნეობრივ კოდექს” ნაზიარებმა ჩვენმა პოლიციამ ”დემოკრატიის მეორე ტალღაზე” იმგვარი ”წვრთნა”, საკუთარ ხალხზე კიდევ თუ ჩაატარა, მაშინ ნახეთ ”მეეცხრე ტალღას” რა მოჰყვება და არა მგონია, ჩვენმა მშვენიერმა, ტემპერამენტიანმა ქალბატონებმა კვლავ მოითმინონ... და მტვრევა და მსხვრევა მაშინ ნახეთ… მშვიდობით ევოლუციავ!..
ჯანრი გოგეშვილი

=========

სანუგეშო… Consolatory...

========

Комментариев нет:

Отправить комментарий